იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 21¹³⁹. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

კანონი №2352 · მიღებულია 1999-07-23 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 113 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანებას გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) შუამდგომლობის ავტორი;

დ) ის კომერციული ბანკი, დამსაქმებელი (მისი უფლებამონაცვლე), მონაწილე, პენსიის მიმღები, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს;

ე) ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) შუამდგომლობის ავტორი;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს საპენსიო ფონდს, მეორე – შესაბამის პირს, კომერციულ ბანკს, დამსაქმებელს (მის უფლებამონაცვლეს), მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს ან სხვა პირს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ამ ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.

10. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ. ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ადმინისტრაციული სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹³⁹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა