1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განზრახ უკანონო განკარგვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებლის უფლებამოსილი პირის მიერ, ანგარიშის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ არ არის ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3724 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. ცვლილების აქტი